Peggy Gou ფესტივალ DECODER-ის ფარგლებში თბილისს ეწვევა

პუბლიკა

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ DECODER-ის ფარგლებში თბილისს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის არტისტი Peggy Gou ეწვევა. ფესტივალი 13 მაისს, 23:59 საათზე, Spacehall Kustba-ს ღია სივრცეში გაიმართება.

ფესტივალზე ასევე დაუკრავს თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენის შთამბეჭდავი წარმომადგენელი Zurkin, რომლის დიჯეი სეტებიც არაერთხელ გამხდარა აღფრთოვანების საფუძველი და ივა მიქიაშვილი პროექტით Yves.

ზაფხულის განმავლობაში DECODER რეგულარული ღამეების სახით გაიმართება და ელექტრონული სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან ერთად, ვიზუალური ხელოვნების ინტეგრაციით მსმენელს შთამბეჭდავ გამოცდილებას გაუზიარებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

Peggy Gou ელექტრონული მუსიკის გლობალურ სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია, რომლის გამოცდილებაც სამხრეთ კორეაში, ინგლისსა და გერმანიაში, მუსიკისა და მოდის სფეროში მიღებულ ცოდნას ეფუძნება. საკულტო და ისტორიული მნიშვნელობის კლუბებში ხშირი სტუმრობის შემდეგ, ელექტრონული მუსიკის სცენის გავლენიანი ლეიბლები Ninja Tune და Phonica მალევე დაინტერესდნენ ახალი არტისტის ჩანაწერების გამოცემით, ხოლო მსოფლიოს სახელგანთქმული ფესტივალები SÓNAR, Primavera Sound, Glastonbury მის მუდმივ მასპინძლებად იქცნენ. ლონდონის მოდის კოლეჯში მიღებულმა ცოდნამ მოდის სფეროს მიმართ მისი ინტერესიც გააცოცხლა და ამ შთაგონებით დააფუძნა საკუთარი ბრენდი Kirin და ლეიბლი Gudu Records. მუსიკის სხვადასხვა ჟანრებში მოგზაურობა Peggy Gou-ს დამახასიათებელი ჟღერადობის საფუძველი გახდა და განსაზღვრა მისი ადგილი თანამედროვე სცენაზე.

DECODER 2017 წელს დაფუძნდა და მის ფარგლებში თბილისს ელექტრონული მუსიკის ისეთი დიდი სახელები სტუმრობდნენ, როგორიცაა Richie Hawtin, Amelie Lens, Nicolas Jaar, Ellen Allien, Black Coffee, Mano Le Tough და სხვა.