PEN International: გაათავისუფლეთ ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი

პუბლიკა

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ „ქართულმა ოცნებამ” დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ის წინასწარი პატიმრობიდან და უზრუნველყოს მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე.

„ზვიად რატიანს დაუსაბუთებლად მკაცრი სასჯელი ელის განსხვავებული მოსაზრებების გამო. ჩვენ მამაცი ქართველი ხალხთან ერთად ვართ მაშინ, როცა ხელისუფლება საგანგაშოდ სწრაფი ტემპით ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს”, – განაცხადა მა თიდამ, PEN International-ის კომიტეტის „მწერლები ციხეში“ თავმჯდომარემ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზვიად რატიანი საქმე ვითარდება საქართველოში მზარდი ადამიანის უფლებების კრიზისის ფონზე, როდესაც სისტემურად იდევნება დამოუკიდებელი ხმები და იდევნება ზვიად რატიანიც.

PEN International-მა და პენ საქართველომ გადაამოწმეს ინციდენტის ვიდეოჩანაწერი და აღნიშნავენ, რომ იქ ნათლად ჩანს, რატიანის ქმედებას პოლიციელისთვის ფიზიკური ზიანი არ მიუყენებია – სამართალდამცავი არ დაშავებულა.

„პენ საქართველომ გვაცნობა, რომ 2024 წლის 29 ნოემბერს ზვიად რატიანი თბილისში პოლიციამ სასტიკად სცემა. რატიანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მათ შორის ცხვირის და ზურგის მოტეხილობები. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2024 წლის 2 დეკემბერს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 172-ე მუხლები) ბრალდებით.

გათავისუფლების შემდეგ რატიანს საკუთარ სახლთან ისევ სცემეს უცნობმა პირებმა. მანამდე, 2017 წელს პოლიციასთან ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, რასაც პატიმრობა მოჰყვა, ის იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო და ავსტრიაში ეცხოვრა.

საქართველოში გასულ წელს დაწყებულ პროევროპულ და ანტისამთავრობო პროტესტებს პოლიცია დღემდე ძალადობით, მათ შორის − წამებითა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით უპირისპირდება, რისთვისაც არავინ დასჯილა. ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ მიზანმიმართულად იქცნენ პოლიციის ძალადობის სამიზნედ, რის შედეგადაც ბევრი მათგანი სერიოზულად დაშავდა, რამდენიმე შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაც გახდაც საჭირო.

ხელისუფლება სულ უფრო მეტად იყენებს ხულიგნობისა და თავდასხმის მუხლებს მშვიდობიანი მომიტინგეების დასასჯელად, რაც ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, ძირს უთხრის სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საგანგაშო ტემპით იღებს რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანების და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, ასევე სამიზნედ ირჩევს კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებიან.

PEN International-ი და პენ საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებები და პატივი სცეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებს.