საქართველოს პენცენტრი ეროვნული ბიბლიოთეკის გიორგი კეკელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პენცენტრი მიიჩნევს, რომ კეკელიძის „მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლება აჩენს კითხვებს”.
პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს.
„გიორგი კეკელიძის დირექტორობის დროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მრავალი საინტერესო და წარმატებული პროექტი განხორციელდა, ბიბლიოთეკა კულტურის ცოცხალ და მნიშვნელოვან კერად იქცა. საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს გიორგი კეკელიძეს და თვლის, რომ ჩნდება ლეგიტიმური კითხვები მისი თანამდებობიდან მოულოდნელი და უმიზეზო გათავისუფლების გამო”, – წერს პენცენტრი.
გუშინ, 11 იანვარს პარალმენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორობიდან გაათავისუფლა მწერალი გიორგი კეკელიძე, ამის შესახებ კეკელიძემ facebook-ზე დაწერა. თქვა, რომ პაპუაშვილი მასთან მივიდა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია იქნება.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ კანონის მიხედვით, ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ბიბლიოთეკის დებულებით, გენერალურ დირექტორს ანგარიშვალდებულებები აქვს პარლამენტის თავმჯდომარესთან – მაგალითად, დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო განრიგსა და თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს. თავის მხრივ, პარლამენტი არის ეროვნული ბიბლიოთეკის ფუნქციონირების და კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვის გარანტი, ამასთან, არ ერევა ბიბლიოთეკის პროფესიულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბიბლიოთეკა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.