პენიტენციურ სისტემაში Covid-ინფიცირებულია 105 პატიმარი (1%) - სამინისტრო

პუბლიკა

პენიტენციურ სისტემაში COVID-ინფიცირებული 105 პატიმარია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს, – ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების განმარტებით, შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლად დაკავებულ პირებში გამოვლინდა. პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლად დაკავებულები სპეციალურად მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი  შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსება მხოლოდ კოვიდტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება.

„ამჟამად 105 COVID-ინფიცირებულიდან  66 თბილისის ერთ-ერთ  სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული, თუმცა მათგან  52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის, ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება.

39 Covid-ინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

ყველა ინფიცირებულის  ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ”, – წერია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა ამნისტიის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ციხეებში კოვიდაფეთქებაა და  საპატიმროებში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით კოვიდრეგულაციების დაცვა ძნელია. მისივე განმარტებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი გადატვირთული ციხეების  განტვირთვაა.