სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც „ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.“
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარის შედეგად გიორგი ბაჩიაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“.
უწყებას აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საცხოვრებელ საკანში, და არა სამარტოო საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.
დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა.
ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ხოლო, მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
მსჯავრდებული, თანამესაკნესთან ერთად დღემდე იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში.“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.