სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის მიუწოდებია.
მსჯავრდადებული სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.
საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ.“ – ვკითხულობთ სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
- ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გუშინ განაცხადა, რომ კვლევის შედეგების იძლევა საფუძველს, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. „ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები, რომლებიც არის აღმოჩენილი კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში, ეს არის საფუძველი, რომ ითქვას – მიხეილ სააკაშვილი არის მოწამლული. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება“, – აცხადებს „მთავარ არხთან“ ვალერი გელბახიანი.
- მანამდე, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს.