სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ პატიმართან, დავით გუჯეჯიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ბადრაგის მხირდან მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
უწყების განცხადებით, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პატიმარი „ვივამედში“ გადაიყვანეს, თუმცა მან მკურნალობაზე უარი თქვა და დააბრუნეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. უწყების ცნობით, ამის შემდეგ ის კლინიკაში განმეორებით შეიყვანეს.
პენიტენციური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დ.გ. კლინიკაში თითქოს ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა.
„გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დ.გ.-ს მიმართ ბადრაგის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამიტომ, გარდაცვალების მიზეზად აღნიშნულის დასახელება არის დეზინფორმაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას. მსჯავრდებული დ.გ. პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსდა 2023 წელს. იგი სასჯელს იხდიდა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მოთავსებული იყო ვიზუალური მეთვალყურეობით აღჭურვილ საკანში და უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დ.გ. გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში”, სადაც ყველანაირი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარებაზე განაცხადა უარი და მისივე მოთხოვნით დაბრუნებულ იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მსჯავრდებული დ.გ. მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ბრიგადის მეშვეობით, განმეორებით გადაყვანილ იქნა კლინიკა “ვივამედში”.გატარებული სამედიცინო ღონისძიებების მიუხედავად, დ.გ. კლინიკაში გადაყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ მსჯავრდებული დ.გ. კლინიკაში თითქოს ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – წერს უწყება.
პენიტენციური ამბობს, რომ მზად არიან გარდაცვლილის ოჯახის წევრის თანხმობის შემთხვევაში, გაასაჯაროონ ყველა არსებული დოკუმენტაცია და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით დაფიქსირებული კადრები, რაც გამორიცხავს პატიმრის მიმართ ჩადენილ რაიმე სახის ძალადობას.