პენიტენციური გიორგი ჩიკვაიძის საკნის ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს და არასათანადო მოპყრობას უარყოფს

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის საკნის ვიდეოჩანაწერებს ავრცელებს და მის მიმართ არასათანადო მოპყრობას უარყოფს.

განცხადების მიხედვით, ჩანაწერები მოიცავს 20-22 სექტემბრის ეპიზოდებს და ამტკიცებს, რომ გიორგი ჩიკვაიძე იღებს როგორც ციხის რაციონით გათვალისწინებულ, ასევე მაღაზიაში შეძენილ საკვებს.

პენიტენციურის ცნობით, 22 სექტემბერს ჩიკვაიძეს მიაწოდეს ღვიძლით დაავადებულთათვის განსაზღვრული საკვები. მათივე თქმით, ჩიკვაიძის თანამესაკნეებს სპეციალური დიეტა არ სჭირდებათ, შესაბამისად, ეს საკვები [კოტლეტი] მხოლოდ ჩიკვაიძისთვის იყო განსაზღვრული.

„პენიტენციური სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მსჯავრდებულ გ. ჩიკვაიძის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, იმოქმედებს პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.

23 სექტემბერს გიორგი ჩიკვაიძის დედამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა შვილმა „მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო“ შიმშილობა გამოაცხადა. ეკა წერეთელმა პასუხისმგებლობა გლდანის მე-8 დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას დააკისრა.

„შიმშილობის მეშვიდე დღე. მიზეზი: რამაზ ფირცხალავას რუსული პოლიტიკა გლდანის ციხეში;

მოთხოვნა: დაუყოვნებლივ აღდგეს ჩემი ხანმოკლე პაემანი ოჯახის წევრებთან; მომეცით ჩემი განცხადების ასლი, სადაც ხანმოკლე პაემანს ვითხოვ ოქტომბერში და არა სექტემბერში, როგორც იცრუა დეპარტამენტმა.

გასაჯაროვდეს 22 სექტემბრის კამერის ვიდეოჩანაწერი საკნიდან.

პასუხისმგებლობა: დამკვეთი – ბიძინა ივანიშვილი; შემსრულებლები – სალია, ფირცხალავა. ნებისმიერ შედეგზე, რომელიც შეიძლება მოყვეს ჩემს შიმშილობას, პასუხისმგებლობა ეკისრებათ ზემოთ აღნიშნულ პირებს“, – წერია გიორგი ჩიკვაიძის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.