პენიტენციური ხოშტარიაზე: უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „დეზინფორმაციას“ უწოდებს

პენიტენციური აცხადებს, რომ ელენე ხოშტარია „შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით“ და მისი „ჯანმრთელობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა“.

მათივე მტკიცებით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ და „მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის მრტ“.

„ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.

ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.

მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.

მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს, გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა, მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად.

ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერსების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით.

მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია ჩანიშნულია დღეს, 2026 წლის 17 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებულს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამოუხატავს.

მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი შეუფერხებლად ხვდება როგორც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ისე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს. აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას დამატებით შეხვედრასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ დღეს, 17 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ადვოკატის თქმით, ელენე ხოშტარიას აქვს სახსრების ძლიერი ტკივილი, მოძრაობის გაძნელება, რის გამოც ვერ ახერხებს ზოგჯერ წერას და გადაადგილებისას ჯოხი სჭირდება.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, უკვე ორი კვირაა, რაც პენიტენციურ დაწესებულებას მიმართეს მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, თუმცა დღემდე ამ მიმართვაზე პასუხი არ მიუღიათ.

„ელენეს არანაირი პრეტენზია არ აქვს დაწესებულების თანამშრომლებთან, კერძოდ ექთნებთან და ოფიცრებთან. თუმცა, აღსანიშნავია დაწესებულების სამედიცინო პერსონალისა და დირექტორის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი – მათ მიერ ამ 4 თვის მანძილზე ჩატარებული სამედიცინო კვლევები თუ პროცედურები სპორადული, არასისტემური და არაეფექტურია.

იმის გამო, რომ მას დღემდე არ აქვს საჭირო პასუხები და მკურნალობის გეგმა, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ თურქეთის კლინიკაში, ელენეს მკურნალ ექიმებთან.

თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, შესაძლოა, ელენეს ჯანმრთელობას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. მაგალითად, ვეღარ შეძლოს ეტლის გარეშე გადაადგილება. თურქი ექიმების მიერ გამოგზავნილი შეფასებები და რეკომენდაციები, დაახლოებით 2 თვის წინ, მიღებისთანავე, გადაეცა მე-5 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალს.

ამასთან ერთად, უკვე ორი კვირაა, რაც ელენე ხოშტარიას ადვოკატმა მიმართა პენიტენციურ დაწესებულებას პოლიტიკური პატიმრის მკურნალობის გეგმის შემუშავების, წარმოდგენისა და შეხვედრის ორგანიზების მოთხოვნით, დღემდე, ამ მიმართვაზე პასუხიც არ მიგვიღია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პენიტენციური სამსახურის გულგრილ დამოკიდებულებას პატიმრების ჯანმრთელობისა და მათ წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ“, – თქვა  შოთა თუთბერიძემ.


კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიას 24 მარტს ერთი წელი და ექვსი თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ მიიღო.

პროკურატურა მას ედავებოდა სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. უწყების პოზიციით, ხოშტარიამ დააზიანა სამი საარჩევნო ბანერი – ზიანმა  570 ლარი შეადგინა.

2025 წლის 14 სექტემბერს ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერზე გააკეთა წარწერა „რუსული ოცნება“, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა სტუდენტ მეგი დიასამიძეს, რომელიც ასევე კალაძის ბანერის დაზიანების გამოა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.

„დროას“ ლიდერი 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს.

ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, რომლის გადახდაზეც უარი განაცხადა, რის შემდეგაც ის პატიმრობაში იმყოფება.