პენიტენციური: კონსტანტინე კოკაიას ჩაუტარდა კვლევები, დანიშნულია ექიმთან კონსულტაციები

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული კონსტანტინე კოკაიას „შესახლებისთანავე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება; 2025 წლის 13 და 16 ოქტომბერს, ასევე, ჩაუტარდა სკრინინგული, ლაბორატორიული კვლევები”.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, შედეგად, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება.

სამსახური პასუხობს კონსტანტინე კოკაიას წერის, რომელიც მან ციხიდან გამოგზავნა და რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩაწერეს, არ წაიყვანეს კარდიოლოგთან და ოფთალმოლოგთან. ამასთან, წაართვეს სათვალეები რკინის ჩარჩოს გამო.

„ექიმმა 5-შუნტიან და 4-სტენტიან კაცს დიეტა არ დამინიშნა. უჰაერობა და უძილობა მაქვს მაგარი. ბიჭებმა მომარჩინეს კამერაში – სიცხეები მქონდა 1-2 დღე. უნდა ეხვეწო, რომ წნევა გაგისინჯონ. საჭმელი ჯოჯოხეთია”. – წერდა წერილში კონსტანტინე კოკაია.

პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ კოკაიას არ დაუნიშნეს დიეტა. რაც შეეხება სათვალეს, – როგორც უწყება ამბობს, მას ოფთალმოლოგთან კონსულტაციის შემდეგ მიაწოდებენ. კონსულტაცია 25 ოქტომბერს არის დანიშნული.

პენიტენციური წერს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, კოკაიას აქვს: „გულის უკმარისობა III, ესენციური ჰიპერტენზია, აორტო-კორონარული შუნტის არსებობა, არასტაბილური სტენოკარდია, კორონარული ანგიოპლასტიკური იმპლანტანტისა და ტრანსპლანტანტის არსებობა.

„აღნიშნულის გათვალისწინებით, დაგეგმილია კარდიოლოგის კონსულტაცია.

ბრალდებულს შეუფერხებლად მიეწოდა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლებისას შემოტანილი მედიკამენტები და დაენიშნა შესაბამისი დიეტური კვება.

რაც შეეხება ბრალდებულის განცხადებას მხედველობისა და სათვალის საკითხთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ, ბრალდებულის გადმოცემით, მხედველობის გარკვეული პრობლემები აქვს მხოლოდ მარცხენა თვალში, 2025 წლის 25 ოქტომბერს დაგეგმილია ოფთალმოლოგის კონსულტაცია, რის შემდგომაც ბრალდებული უზრუნველყოფილი იქნება ექიმის მიერ დანიშნული როგორც სამედიცინო საშუალებებით, ისე ოპტიკური სათვალით.

რაც შეეხება ტემპერატურის მომატებას, ამ მხრივ ბრალდებულ კონსტანტინე კოკაიას რაიმე სახის ჩივილით სამედიცინო პერსონალისთვის არ მიუმართავს. ამჟამად სხეულის ტემპერატურა ნორმალურია, რესპირატორული სიმპტომები არ ვლინდება. მას კიდევ ერთხელ განემარტა ექიმის მიერ, რომ, მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მათ შორის, არტერიული წნევის მონიტორინგისთვის, უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, რის შემდეგაც პარამეტრების გაზომვა მოხდება შეუზღუდავად.

ამ ეტაპზე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მიეწოდება ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება”. – წერს უწყება.