პენიტენციური მზია ამაღლობელზე: უზრუნველყოფილია ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა

პუბლიკა

პენიტენციური სამსახური „ბათუმელების“/„ნეტგაზეტის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, მზია ამაღლობელი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.

მათივე ცნობით, მზია ამაღლობელი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.

დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი მე-16 დღეა, შიმშილობს.

ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად.

მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.