პენიტენციური სამსახური: ნიკა კაცია სრულადაა უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკოლოზ კაცია სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით.

„გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბრალდებული ნ.კ. სრულად არის უზრუნველყოფილი საკვებითა და შესაბამისი ჰიგიენური ნორმებით. შესაბამისად, მისი უფლებების ხელყოფაზე საუბარი არის სიცრუე და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და სამსახურის დისკრედიტაციას.

თითოეული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლების განუხრელი დაცვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მთავარი პრიორიტეტია.

მოვუწოდებთ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“,- ნათქვამია განცხადებაში.

მედიაში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა კაციას საპატიმროში საჭმელს არ აჭმევენ. ამასთან დაკავშირებით „პუბლიკას“ სახალხო დამცველის აპარატში განუცხადეს, რომ მას კონკრეტული საჭმელი რამდენჯერმე არ დახვდა.

„როცა მისი ჯერი მოდის, საჭმელი მთავრდება. სხვა ინფორმაცია პერსონალურია. ყველაფერს მივაწვდით მის ადვოკატს”. – გვითხრეს სახალხო დამცველის აპარატში.

შეკითხვაზე, ამ კონკრეტული საჭმლის გარდა მოახერხა თუ არა ნიკა კაციამ სხვა რამის ჭამა, პასუხი არ აქვთ.

ნიკა კაციასთან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, დღეს, 24 იანვარს, მას შემდეგ შევიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ციხეში არასათანადოდ ეპყრობოდნენ.

ნიკა კაციას ძმა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ „იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა საკვები ვერ მიიღო, ეუბნებოდნენ, რომ მის საკანთან გათავდა; როდესაც მაღაზიაში რამის ყიდვა უნდა, მაინც და მაინც მის ჯერზე მთავრდება კონკრეტული პროდუქტი. რამდენჯერმე მოუწია ცივი წყლით დაბანა.“