სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის შედეგად დაღუპულ ორ პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უწყებაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და უსამძიმრებენ დაღუპულთა ოჯახებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.
ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების“,- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.