სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ზვიად რატიანის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება, რომ მას დაწესებულებაში შეზღუდული აქვს პაემნით სარგებლობის უფლება „არ შეესაბამება რეალობას და სიცრუეა.“
„პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ოთხი ხანმოკლე პაემანი და პატიმრობაში (ბრალდებულის სტატუსით პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი რომლის, ვადაც არ აღემატება 9 თვეს) ყოფნის განმავლობაში – ერთი ხანგრძლივი პაემანი.
ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის სექტემბერში ისარგებლა სამი ხანმოკლე პაემნის უფლებით, ერთი ხანმოკლე პაემანი კი, საკუთარი სურვილით გადაცვალა სატელეფონო საუბარში. ბრალდებულმა ზვიად რატიანმა 2025 წლის 29 სეტემბერს დაგეგმილი ხანგრძლივი პაემანი სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის უცნობი მიზეზების გამო გააუქმა.
2025 წლის 2 ოქტომბერს ჩანიშნული ხანმოკლე პაემანი მისი განცხადების საფუძველზე, იმ მიზეზით, რომ ჰქონდა სასამართლო პროცესი, გადატანილ იქნა 2025 წლის 13 ოქტომბერს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბრალდებულ ზვიად რატიანს მორიგი ხანმოკლე პაემანი ჩანიშნული აქვს 2025 წლის 3 ოქტომბერს“,- ნათქვამია განცხადებაში.
„ამიკრძალეს ბლოკნოტისა და კალმის შემოტანა, შემიზღუდეს ხანმოკლე პაემნები“, – მიმართა პოეტმა ზვიად რატიანმა სასამართლო სხდომაზე დამსწრეთ, ვიდრე საბადრაგო სამსახური დარბაზს დაატოვებინებდა. სასამართლო სხდომის დასრულებისას ზვიად რატიანმა თავდაპირველად ამის შესახებ მოსამართლესთან სცადა საუბარი, მაგრამ მისი პასუხის შემდეგ, რომ ეს საკითხი მას არ ეხებოდა, დარბაზსა და ჟურნალისტებს მიმართა.
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა ზვიად რატიანის მეგობარმა სოფო პილავოვამ, რომ რატიანისთვის ბლოკნოტი და კალმები არ შეატანინეს.
„შემქონდა წიგნივით ბლოკნოტი, რეზინი რომ აქვს გადაკრული, ისეთი. მე არ მოვაჭერი რეზინი, ვიფიქრე, თუ რამე ზედმეტია, თავად მოაჭრიდნენ. უკან რომ მომაწოდა, ვუთხარი, შეგიძლიათ, მოაჭრათ-მეთქი და არა, არა, ახალი დადგენილებით, არ შეიძლება კალმებისა და რვეულების შემოტანაო. როდიდან მეთქი და 3 დღის წინანდელიაო. მე ბლოკნოტი იქამდეც მაქვს შეგზავნილი… მწვანე, წითელი და ლურჯი ფერის კალმებიც შემქნოდა და არც ისინი შემატანინეს… ერთ შეტანაზე შეგიძლია 5 კალმის შეტანა. წინა ორშაბათს 5 კალამი შევუტანე, ახლა არ შემატანინეს. პირველად დამემართა ასეთი რამ, კალმები სულ შემაქვს. კიდევ ერთხელ უნდა ვცადო“, – უთხრა „პუბლიკას“ სოფო პილავოვამ.
პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს იგი საწერი საშუალებითა და ქაღალდით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა გონივრული რაოდენობის საწერი საშუალება და ქაღალდი.
იუსტიციის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში „პუბლიკას“ განუმარტეს, რომ „დაწესებულებაში ამანათის სახით საწერი და სახატავი საშუალებების შეგზავნას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს მისთვის სასურველი საწერი და სახატავი საშუალებები, რომლებიც შემდგომ შეეძლება, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად.“