მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი.
დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მსჯავრდებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები: ასევე, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი – სპეციალისტების ( მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები.
საჭიროების მიხედვით დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება. მსჯავრებულ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ.
მსჯავრდებულ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის გამო 12 კილო დაიკლო.
„ვიზუალურადაც რომ შეხედავთ, ჩანს, რომ ადამიანს დაკლებული აქვს. დაახლოებით 12 კილოზე მეტი დაიკლო, როგორც ვიცი. დღითიდღე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან დაიწყებს გაუარესებას, თუ უკვე გაუარესებული არ არის. მორალურად მხნედ არის“, – განაცხადა ბასილაიამ.
ბასილაიასვე თქმით, პენიტენციურს მიმართეს, სააკაშვილი პირადმა ექიმმა შეამოწმოს.