პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა არ გაუარესებულა

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ დროისათვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა – 120/90; პულსი – 90; სატურაცია – 97, გლუკოზა – 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ“, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

დღეს „მთავარი არხის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის გამო გაუარესდა და მას უახლოეს დღეებში საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება.