პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ბოლო ორ თვეში მეორედ შეიცვალა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ იუსტიციის სამინისტრომ 22 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს – პაატა სალიამ თანამშრომლებს გიორგი პატარიძე წარუდგინა.

გიორგი პატარიძემ შეცვალა ბეჟან ობგაიძე, რომელიც პოსტზე ორი თვის წინ, 18 ივნისს დაინიშნა.

იუსტიციის სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში არ წერს, რატომ შეიცვალა სამსახურის ხელმძღვანელი.

გიორგი პატარიძე პენიტენციურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე 2024 წლიდან იკავებდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.

2016-2020 წლებში ის იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

2018–2021წწ. იყო პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი;

განახლება

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ბეჟან ობგაიძემ დაკავებული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის დ. გოგობერიშვილისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის გ. ქემოკლიძის მიერ თანამდებობების დატოვება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურში მიმდინარე დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში, ზემოაღნიშნულმა პირებმა დაკავებული პოზიციები დატოვეს პირადი განცხადების საფუძველზე“, – აცხადებს უწყება.


21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური 11 ივლისს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად ამ ეტაპზე გამოკვეთილი გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ „შესაძლოა სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი ურთიერთშეთანხმებულად მოქმედებდნენ”.

უწყების განცხადებით, დისციპლინური წარმოების ფარგლებში გამოვლენილი გარემოებების შესწავლისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიმდინარე გამოძიებისა და შიდასამსახურებრივი შემოწმების პირობებში, ხელმძღვანელი პირები კვლავაც ინარჩუნებდნენ თანამდებობებს, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში.