პენიტენციური სასამართლოში სააკაშვილის მიყვანაზე ამჯერადაც უარს ამბობს

პუბლიკა

დღეს 11 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

პირადი ექიმის ცნობით, სისუსტის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დასწრება ამჯერადაც მოითხოვა, თუმცა პენიტენციური სამსახური, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტის სასამართლოში მიყვანაზე უარს ამბობს. სამსახურის განმარტება, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გაყვანასთან დაკავშირებით, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.

მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა.“ – ნათქვამია განცხადებაში.


მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არც 10 ნოემბერს არ მიეცა. 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის აქციის დაშლის ეპიზოდზე გაიმართა.

აღნიშნულ საქმეზე, სააკაშვილის გარდა, ბრალდებულია გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.

10 ნოემბერს სხდომის დაწყებამდე პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ეტაპირება არ იგეგმება, რადგან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან იგეგმებოდა გარკვეული დესტრუქციული ხასიათის ქმედებები, რაც ხელს შეუშლიდა ეტაპირების პროცესს.

მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს. ის საქალაქო სასამართლოში გადაყვანას ითხოვს. გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობის შეწყვეტას გეგმავს. სააკაშვილის საქალაქო სასამართლოში გადაყვანის მოთხოვნით მე-12 დღეა შიმშილობს ელენე ხოშტარია. იმავე მოთხოვნით, გუშინ პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო 9 დეპუტატმა.