პენიტენციური: სიცრუეა განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების დროის შესახებ

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას.

ჯაფარიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება დღეს, დაახლოებით, 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა დაწესებულებიდან 08:00 საათზე მაისურით გამოუშვეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს წინასწარ ინფორმირებას ან/და მსჯავრდადებულთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ და „განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე“.

„კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდადებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან თავისუფლდება სასჯელის მოხდის დასრულების დღის წინა დღეს.

გათავისუფლებულ მსჯავრდადებულს უბრუნდება პირადი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა. მსჯავრდადებულმა ზურაბ ჯაფარიძემაც დაწესებულების დატოვებისას თან წაიღო საკუთარი ტანსაცმელი.

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდადებულის წინასწარ ინფორმირებას ან/და მასთან რაიმე სახით შეთანხმებას გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია, რას ეფუძნებოდა მსჯავრდადებულის მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ მას პენიტენციური დაწესებულება უნდა დაეტოვებინა 10:30 საათზე. ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, თითქოს მას რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს ინფორმაცია გათავისუფლების კონკრეტული დროის შესახებ, არის სიცრუე.

პენიტენციურ დაწესებულებაში, დაწესებულების დღის განრიგის შესაბამისად, მუშაობა იწყება 08:00 საათზე.

მსჯავრდადებული ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხების მოგვარებას დასჭირდა მცირე დრო და ის გათავისუფლდა პენიტენციური კოდექსისა და დაწესებულების მოთხოვნების სრული დაცვით დაახლოებით 08:30 საათზე.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველას მოუწოდებს თავი შეიკავონ იმგვარი განცხადების გავრცელებისგან, რომელიც არ შეესაბამება რეალობას და მიზნად ისახავს რაიმე სახით ან ფორმით სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.


7-თვიანი პატიმრობის შემდეგ ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დღეს, 19 დეკემბერს დატოვა. მას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სახლთან დახვდნენ.

ჯაფარიძეს პატიმრობა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 23 ივნისს მიუსაჯა. მას პროკურატურა თეა წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა.

საქმეზე ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული. მან გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა. ზურაბ ჯაფარიძე 22 მაისს სასამართლო დარბაზში დააკავეს. პატიმრობის ათვლა სწორედ 22 მაისიდან დაიწყო.