სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება სახალხო დამცველის განცხადებას, რაც ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილისა და მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის მონახულების შესახებ გავრცელებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას ეხება.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დასახელდა, რელევანტური არ არის, მით უფრო ვერ იქნება საუბარი მათ დარღვევაზე.
„კერძოდ, სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები მიუთითებენ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც, „სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა პატიმრობაში მყოფ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“
სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ასევე მიუთითებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, ისჯება სახალხო დამცველზე „ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით“.
ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ გუშინ, 2020 წლის 23 იანვარს, სახალხო დამცველის N9 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას ან მის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ არც ერთი ზემოხსენებული ნორმა არ დარღვეულა. სახალხო დამცველი შეხვდა იმ პატიმრებს, რომლებთანაც თავად სურდა შეხვედრა და რომლებმაც დაწესებულების თანამშრომლებს არ უთხრეს უარი საკნიდან შეხვედრის ოთახში გადასვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. შეხვედრებმა თავისუფალ გარემოში, სრული კონფიდენციალობის პირობებში, დაწესებულების ადმინისტრაციისგან ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე ჩაიარა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიჩნევს, რომ თუ სახალხო დამცველი იმის გამო მივიდა პენიტენციურ დაწესებულებაში გაუფრთხილებლად (რისი სრული უფლებაც მას აქვს), რომ საკუთრივ დაწესებულებაში ვიზიტის ფაქტის მედიისგან და ფართო საზოგადოებისაგან გასაიდუმლოება სურდა, მოცემული საიდუმლოების მედიისგან დაცვის გარანტი სპეციალური პენიტენციური სამსახური არამცთუ პრაქტიკაში ვერ იქნება, მას ამგვარი ვალდებულება არც კანონით არ აკისრია. პირიქით, მედიასაშუალებების მხრიდან შემოსულ კითხვას იმის შესახებ, მართალია თუ არა, რომ სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტი ვალდებულია, პასუხი გასცეს. შეხვედრის ფაქტი არ არის და ვერ იქნება საიდუმლოთი დაცული, მით უფრო, როცა საქმე ეხება საზოგადოებისათვის ცნობილ მსჯავრდებულებს გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. აქვე შევნიშნავთ, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე ეთერში თავად განაცხადა: „რაც შეეხება ვის შევხდი (…) ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული კონფიდენციალური საკითხი“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოწოდებულია იმისკენ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი რაც შეიძლება ხშირად ეწვიოს საპატიმროებს და შეხვდეს პატიმრებს, რომელთაც წლებია და თვეებია, სურთ მასთან შეხვედრა. როდესაც საქმე ეხება საზოგადოების მაღალ ინტერესს საზოგადოებისათვის ცნობილი ამა თუ იმ პატიმრისადმი, სახალხო დამცველის ამგვარ პატიმართან საკუთრივ შეხვედრის ფაქტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მედიისთვის დამალული ვერ იქნება. რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას და პატიმართან კომუნიკაციას, როგორც ამ, ისე ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ზედმიწევნით იქნა დაცული კანონის ყველა ნორმა, მათ შორის, კონფიდენციალობის პრინციპი.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გურამ დონაძეს, მასთან სახალხო დამცველს კომუნიკაცია არ ჰქონია და ბრიფინგისას დასახელებული საკანონმდებლო ნორმები კავშირშიც კი არ არის მოცემულ საკითხთან. მსჯავრდებულმა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს განუცხადა უარი საკნიდან გამოსვლაზე სახალხო დამცველთან შეხვედრის მიზნით. პატიმარსა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს შორის ამ ტიპის კომუნიკაცია არ არის და ვერ იქნება დაცული საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სპეციალურმა პენიტენცურმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც გაასაჯაროვა იმ ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ვინაობა, რომლეთაც ომბუდსმენი შეხვდა.
„ის საკითხი, თუ ვის შეხვდება სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი, არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევას, მასზე ზემოქმედებისა და მისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით. მოცემული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს”, – აცხადებს ომბუდსმენი.