პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება - მაჭავარიანი

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიამ ფინანსური კრიზისი გამოიწვია, როგორც დაგეგმილი იყო, მომავალ წელს 1 იანვრიდან ყველა პენსიონერისთვის პენსია 20 ლარით გიზრდება, 1 ივლისიდან კი 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მოემატებათ 30 ლარი.

ამას გარდა, ფინანსთა მინისტრის თქმით, მოხდება პენსიების ინდექსაცია. ახალი კანონპროექტით, მოქალაქეთა პენსიების ზრდა მთავრობის კეთილ ნებაზე დამოკიდებული აღარ იქნება და ყოველ წელს მინიმუმ 20 ლარით მოიმატებს.

„70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიების ზრდა უნდა მოხდეს ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელს ზემოთ ინფლაციას პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ის გათვალისწინებით. თუმცა, ამასთან ერთად გვაქვს ქვედა მინიმუმი დაწესებული – ეს არის 70 წლამდე პენსიონერებისთვის მინიმუმ 20 ლარი, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარი. რა თქმა უნდა, თუ წინა კრიტერიუმები ამ მაჩვენებლებს გადააჭარბებს, ისინი შევა ძალაში.

საქართველოს ისტორიაში, ერთ მოცემულ წელს, პრაქტიკულად, არ ყოფილა 20 ლარზე მეტით ზრდა. მეტიც, იყო წლები, როცა პენსია საერთოდ არ გაზრდილა. ჩვენ გვინდა, რომ ეს წესი შემოვიღოთ და იმუშაოს, მიუხედავად იმისა, რა არის პოლიტიკური კონიუნქტურა, არის არჩევნების თუ ჩვეულებრივი წელი, პენსიონერს ავტომატურ რეჟიმში, გარანტირებულად გაეზრდება პენსია“, – თქვა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის აზრით, პენსიების მატება ხშირად ხდებოდა სპეკულაციის საგანი და მთავრობის პოპულიზმზე იყო დამოკიდებული. ამ კანონპროექტით კი, რომელსაც ცოტა ხანში წარუდგენენ პარლამენტს, პენსიების მატება გახდება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და მიებმება ეკონომიკურ მაჩვენებლებს.