„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების პირობას დებს და რუსეთს ქვეყანაში მავნე ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ამერიკის ხმას“ პენტაგონის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, კარლა გლისონმა უთხრა.
პენტაგონის განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ [გრუ] საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განახორციელა. ინციდენტმა სამთავრობო და კერძო ვებგვერდების, სამაუწყებლო სისტემების მუშაობა შეაფერხა და „გავლენა იქონია საქართველოს მთელ მოსახლეობაზე.“
„ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძირითად ინტერესებს და რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებლობას დავაკისრებთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ამ საქმიანობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვიცე-პოლკოვნიკ გლისონის თქმით, პენტაგონი შეუერთდა „საეთაშორისო თანამეგობრობას რუსეთისადმი მტკიცედ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს ასეთი ქცევა საქართველოში და სხვა ქვეყნებში. ჩვენ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს.“
პენტაგონის განცხადებას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერთავდასხმები „ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუს“ მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“.
მსგავსი შინაარსის განცხადებები ამ დრომდე უკვე გაავრცელეს დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, დანიის, ლიეტუვის, ჩეხეთის, პოლონეთის, ავსტრალიის და ნიდერლანდების სამეფოს საგარეო უწყებებმა.
წყარო: „ამერიკის ხმა“