პენტაგონი უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე უარის მიზეზებს განმარტავს

პუბლიკა

პენტაგონში უკრაინისთვის გამანადგურებლების გადაცემაზე უარის მიზეზებს განმარტავენ.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის ხელისუფლებას უკრაინისთვის დახმარების გზების მოძიებისთვის, თუმცა პენტაგონში უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა არ სურთ, მიიჩნევენ, რომ ეს სურათს ნაკლებად შეცვლის, NATO-ს მხრიდან მსგავსმა ჩარევამ კი შეიძლება ესკალაცია ახალ დონეზე გადაიყვანოს.

„უკრაინის თავდაცვისთვის მხარდაჭერის საუკეთესო გზაა, რომ მათ მივაწოდოთ ის შეიარაღება, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსული აგრესიის დასამარცხებლად. კერძოდ, ჯავშანსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი შეიარაღება.

ჩვენ, სხვა ქვეყნებთან ერთად ვაგრძელებთ ამ ტიპის იარაღის გადაცემას და ვიცით, რომ მათ უკრაინელები მაღალი ეფექტიანობით იყენებენ. რუსული არმიის შენელებული წინსვლა ჩრდილოეთის მიმართულებით და საჰაერო სივრცე უკრაინის თავზე, რომელზეც რუსების უპირატესობა ამ დრომდე სადავოა, ამის მტკიცებულებაა“, – აცხადებს პენტაგონის პრესსპიკერი.

ამავდროულად, ჯონ კირბის თქმით, დამატებითი თვითმფრინავების გადაცემა უკრაინისთვის მათ საჰაერო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ვერ გააძლიერებს, დაზვერვიდან მიღებული ინფორმაციით კი, რუსეთმა შეიძლება ეს ნაბიჯი NATO-ს ღია ჩარევად აღიქვას და ესკალაცია ახალ მასშტაბზე აიყვანოს.

„ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მოქალაქეებთან ერთად მაღალი პროფესიონალიზმითა და სიმამაცით იცავენ თავიანთ ქვეყანას. ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის დახმარების გზების ძიებას“, – აცხადებს ჯონ კირბი.


უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე საუბარი თავდაპირველად ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დაიწყო.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთი, სლოვაკეთი და ბულგარეთი მზად იყვნენ, ჯამში, 70-მდე თვითმფრინავის გადასაცემად. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სამივე ქვეყანამ ეს ინფორმაცია უარყო. თუმცა, პოლონეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდა.

8 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბოლოოდ, პოლონეთი მზად იყო თვითმფრინავები აშშ-თვის გადაეცა და შემდეგ შეერთებულ შტატებს მიეწოდებინა ისინი უკრაინისთვის.

ვარშავაში აცხადებდნენ, რომ ამ მასშტაბის დახმარებისთვის პასუხისმგებლობას მხოლოდ თავად ვერ აიღებდნენ. ეს განცხადება პოლონეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს მოჰყვა, მაგრამ მოგვიანებით ვაშინგტონში განაცხადეს, რომ მათ პოლონეთის ხელისუფლებასთან ამაზე საუბარი არ ჰქონიათ.