სახალხო დამცველის ცნობით, 30 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს რუსული კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დისკრიმინაციული ხელყოფის თავიდან აცილების თაობაზე ზოგადი წინადადებით მიმართეს.
სახალხო დამცველის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი არსებული მონიტორინგის მექანიზმი, პერსონალურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში, სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის მაღალ რისკს ქმნის.
„პერსონალური მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნება გაუმართლებელია და ზიანის მომტანია, აქვს ძლიერი შემბოჭველი, მსუსხავი და მასტიგმატიზირებელი ეფექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა საქმიანობაზე“, – აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყველა ასეთ საქმეში, ხელისუფლებაზე დაკისრებულია მძიმე ტვირთი, გაამართლოს შესაბამისი შეზღუდვის აუცილებლობა.
„საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს იუსტიციის მინისტრს, ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, რათა რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციების მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულ ფიზიკურ პირთა, მათ შორის, დასაქმებულთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნებას არ დაექვემდებაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.