„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“ აცხადებს, რომ დაარსებიდან დღემდე არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. უწყება ამბობს, რომ არც ერთ მოკლევადიანი შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არ გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან ვადაზე ადრე.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, პროფესიულ კავშირზე დაყრდნობით, გავრცელდა მედიასაშუალებების მიერაც. ვაცხადებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1 მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია. აქვე განვმარტავთ, რომ სამსახურს საჯარო მოხელეების გარდა ამ პერიოდის განმავლობაში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების, მათ შორის ექსპერტული სამუშაოს შესასრულებლად ათობით მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა სხვადასხვა პირთან გაფორმებული და არც ერთი მათგანი ვადაზე ადრე არ გათავისუფლებულა. მიგვაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სამსახურის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართულ მცდელობას“, – წერია უწყების განცხადებაში.
დეკემბრის ბოლოდან მოყოლებული საჯარო სამსახურებიდან ათობით საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ისინი აცხადებენ, რომ სამსახური განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების და საჯარო აქტიურობის გამო დაკარგეს.
საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირი „კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ და „სამართლიანი არჩევნები“ გეგმავენ ამ ეტპაზე 50-ზე მეტი საჯარო მოხელის დასაცავად სასამართლოს მიმართონ.
„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებმაც 28 ნოემბრის შემდეგ საჯაროდ გამოხატეს თავიანთი სამოქალაქო პოზიცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ პირთა სამსახურიდან გათავისუფლება ცალსახად შეიცავს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნებს“, – წერია განცხადებაში.