პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სააკაშვილის კადრების გავრცელების ფაქტს შეისწავლის

პუბლიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების საკითხის შესწავალა დაიწყეს.

2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალურმა პენიტენციური სამსახურმა გაასაჯაროვა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო. სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


გუშინ გავრცელებული უხმო ვიდეომასალა 10:29 წუთს გრძელდება, დამონტაჟებულია და ასახავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე ეპიზოდურად მითითებულია რამდენიმე თარიღი, ბოლო კადრი 12 დეკემბრითაა დათარიღებული.