არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
ორგანიზაციის თქმით, მათმა წარმომადგენლემა, რომელიც შესარჩევ კომისიაში მონაწილეობდა, პრემიერ-მინისტრს მიმართა, ხელახლა გამოეცხადებინა კონკურსი, თუმცა ეს მიმართვა არ გაითვალისწინეს.
ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი არც ერთ კანდიდატს და შექმნას წინაპირობა კონკურსის ხელახლა გამოცხადებისთვის.
„არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე ორი კანდიდატურა წარუდგინა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კომისიის საქმიანობაში მონაწილეობდა „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე, კარლო ნიკოლეიშვილი, რომელიც კომისიაში, სახალხო დამცველის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი კვოტის ფარგლებში იყო წარდგენილი.
ორი განსხვავებული მოსაზრების მიუხედავად, კომისიამ პრემიერ-მინისტრს სამი კანდიდატი წარუდგინა. „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენილი ვერც ერთი კანდიდატი ვერ პასუხობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისათვის აუცილებელი ცოდნისა და დამოუკიდებლობის მინიმალურ და საბაზისო მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, „უფლებები საქართველომ“ პრემიერ-მინისტრს წარუდგინა განსხვავებული აზრი და კონკურსის ხელმეორედ გამოცხადება მოითხოვა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არ გაითვალისწინა „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენლის განსხვავებული მოსაზრება და პარლამენტს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად ორი კანდიდატი – ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა.
„უფლებები საქართველოს“ საკონკურსო კომისიაში საქმიანობის ჩართვის მიზანს პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კონკურის პროცედურების, მიმდინარეობის და კანდიდატების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, „უფლებები საქართველო“ მიზანშეწონილად მიიჩნევს გაასაჯაროოს „უფლებები საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარის მიერ მომზადებული განსხვავებული აზრი, პრემიერ-მინისტრისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების წარდგენის თაობაზე.
განსხვავებული აზრი მოიცავს კანდიდატების პროფესიული და მორალური რეპუტაციის შეფასებას და დასაბუთებას, თუ რატომ ვერ აკმაყოფილებს მათი კვალიფიკაცია და პიროვნული მახასიათებლები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისათვის საჭირო აუცილებელ მოთხოვნებს.
იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, და პრემიერ-მინისტრმა არ გაითვალისწინა „უფლებები საქართველოს“ მიმართვა კონკურსის განმეორებით გამოცხადების შესახებ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს პარლამენტის როლს ამ პროცესში. კერძოდ, „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არ უნდა დაუჭიროს მხარი და ამით შექმნას წინაპირობა კონკურსის ხელახლა გამოცხადებისათვის.
ამასთან, საგულისხმოა, რომ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების კონსტიტუციურობა სადავოდ არის გამხდარი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის, ასევე, თავად მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის მიერ. საკითხის სიმწვავიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლომ დააჩქაროს საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა, ხოლო, მეორე მხრივ, არ მოხდეს ახალშექმნილი უწყებების ხელმძღვანელების შერჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, „უფლებები საქართველო“ მიმართავს:
• საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატებს და ამით შექმნას წინაპირობა კონკურსის ხელახალი გამოცხადებისთვის;
• საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად უზრუნველყოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა;
• საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხელახალი კონკურსი გამოცხადდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მითითებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.