პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აპლიკაცია Yandex Go-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. უწყებამ ეს გადაწყვეტილება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს (FSB) მალე მუდმივი, სრული წვდომა ექნება Yandex-ის ბაზებზე, რაც მომხმარებელთა პერსონალურ მონაცემებს მოიცავს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის“, – აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.
როგორ მიიღებს წვდომას FSB?
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ მონაცემებზე წვდომის შესახებ რუსული, დამოუკიდებელი მედიაგამოცემა Meduza წერს. რუსული კანონმდებლობის მიხედვით, 1 სექტემბრიდან FSB Yandex-ის მონაცემთა ბაზებზე წვდომას მიიღებს.
ამ საკითხმა, როგორც რუსული გამოცემა წერს, განსაკუთრებით შეაშფოთა ის მომხმარებლები, ვინც ტაქსის სერვისს რუსეთის საზღვრებს გარეთ იყენებენ. Meduza წერს, რომ უკრაინაში ომის მიუხედავად Yandex-ის ტაქსის სერვისი Yandex Go და Yango 20-ზე მეტ ქვეყანაში განაგრძობს მუშაობას, მათ შორისაა საქართველოც. ამ ქვეყნებში კი რუსეთიდან გამოქცეული, პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებული რუსებიც ცხოვრობენ. ამიტომ, მომხმარებლები ხშირად კითხულობდნენ სად ინახებოდა მათი პერსონალური ინფორმაცია, თუკი ისინი ტაქსის რუსეთში არ იყენებდნენ.
Meduza წერს, რომ კომპანიიდან ორმა დამოუკიდებელმა წყარომ, ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით, დაუდასტურა, Yandex მონაცემებს, მათ შორის, საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ მომხმარებლებზე რუსეთში ინახავს. გამოცემა წერს, რომ კომპანიაში მომხმარებელთა დაყოფა არ ხდება გეოგრაფიული ან სხვა პრინციპით და ყველა მონაცემი ერთად ინახება. ამ დროისთვის რუსეთში სამი მონაცემთა ცენტრია და მეოთხე შენდება.
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ Meduza-ს დაუკავშირდა კომპანია, რომელმაც განმარტა, რომ მონაცემებს არ ყოფენ, მაგრამ მასზე უსაფრთხოების სამსახურს წვდომა მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრების გათვალისწინებით ექნება. Yandex-ის განმარტებით, ამა თუ იმ ქვეყანაში დარეგისტრირებული მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მიღება იმ ქვეყნის უსაფრთხოებს სამსახურს შეეძლება ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. ეს წესი არც 1 სექტემბრის შემდეგ შეიცვლება.
თუმცა Meduza წერს, რომ რამდენიმე წლის წინ კომპანია საზღვარგარეთ არსებულ ცენტრებსაც იყენებდა მონაცემების შესანახად. კომპანიაში განიხილავდნენ, რომ საზღვარგარეთის მონაცემები რუსეთში არ შენახულიყო. ასე არ მოხდა. 2022 წელს კი ფინეთში არსებული მონაცემთა ცენტრიც გაუქმდა. ამჟამად ყველაფერი ერთი ცენტრიდან იმართება და მონაცემებიც რუსეთში მიდის. არადა, კომპანიის ყოფილი თანამშრომელი Meduza-სთან ამბობს, რომ მონაცემების დაყოფა შესაძლებელი იყო.
რა მონაცემებზე ექნება წვდომა FSB-ს?
Meduza წერს, რომ თეორიულად FSB მთელ იმ ინფორმაციას მიიღებს სურვილის შემთხვევაში, რაზეც აპლიკაციის გამოყენებისას მომხმარებლები Yandex-ს უფლებას აძლევენ. ასევე კომპანიის მიერ შეგროვებულ მონაცემებზე. მათ შორისაა:
მომხმარებლის მიერ გაზიარებული მონაცემები:
- სახელი და გვარი;
- ტელეფონის ნომერი;
- ელ. ფოსტა;
- საბანკო ანგარიშების მონაცემები;
- მომხმარებლის კომენტარები;
- სატელეფონო ცნობარი;
- ელ. ფოსტაში დაფიქსირებული მისამართები;
- მგზავრობისას დაფიქსირებული მისამართები.
ასევე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს წვდომა ექნება ტექნიკურ მონაცემებზე:
- IP მისამართი;
- მოწყობილობის საიდენტიფიკაციო კოდი;
- მოწყობილობის ტიპი და მოდელი;
- ოპერაციული სისტემა;
- ინფორმაცია მობილურის აპლიკაციაზე.
ამასთან Yandex აგროვებს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს: cookie ფაილებს, wi-fi ქსელის მონაცემებს და სხვ.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს მომხმარებლთა ასეთი ტიპის მონაცემებზე წვდომა ორი გზით შეეძლება. როგორც Meduza წერს, მას შეუძლია მოითხოვოს მთელი ინფორმაცია და დაამუშავოს ან უფრო მარტივ გზას მიმართოს და კონკრეტული მგზავრის მიერ ამა თუ იმ მარშრუტზე თუ მანქანით გადაადგილების ისტორია მოითხოვოს.
იმ შემთხვევაში თუ FSB რუსეთს საზღვრებს გარეთ შეგროვებულ მონაცემებზეც მიიღებს წვდომას, როგორც Meduza წერს, ეს განსაკუთრებით სახიფათო იქნება იმ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტებისთვის, ვინც საზღვარგერთ არიან გახიზნულები.