პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე სამ-სამი კანდიდატი შეარჩიეს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საკონკურსო კომისიებმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე; ხოლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე – კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე შეარჩიეს. მთავრობის მეთაური საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თითოეულ თანამდებობაზე ორ-ორ კანდიდატს წარუდგენს.”
საკონკურსო კომისიების შემადგენლობაში არიან:
• მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
• ანრი ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
• გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
• ბაკურ აბულაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე;
• გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე;
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ გამოცხადდა.