პესკოვი: რუსეთი მზად არის, გადადგას საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმავალი ნაბიჯები

პუბლიკა

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც ამბობს, რომ რუსეთი მზადაა გადადგას ნაბიჯები საქართველოსთან „ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“.

„რაიმე ზუსტი ვადა არ არსებობს, თუმცა ის, რომ რუსეთი ნამდვილად მზად არის, გადადგას ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმავალი ნაბიჯები – ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ დაინტერესებული ვართ კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებით ყველა ქვეყანასთან, რომლებსაც ეს სურთ და რომლებიც მზად არიან ამისთვის“, – ამბობს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

„იზვესტიასთან“ ინტერვიუში გალუზინი ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი არ შეიცვლება და წუხს, რომ საქართველო ამ საკითხს უკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მიღებული 2008 წლის აგვისტოში, გადახედვას არ ექვემდებარება“.

აღნიშნულზე ჰკითხეს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას ერთადერთი ბარიერი – ტერიტორიების ოკუპაცია უდგას წინ.