პესკოვი: ვისმენთ უამრავ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ევროპიდან

პუბლიკა

ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით გარდიანი წერს, რომ კრემლმა ევროპის ქვეყნები კონფრონტაციული და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა.

ევროპის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს აშშ-ს წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და განაცხადეს, რომ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებენ.

„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დღეს კიევში შედგა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, ბრიტანეთის პრემიერმა სტარმერმა, გერმანიის კანცლერმა მერცმა და პოლონეთის პრემიერმა ტუსკმა გამართეს, განაცხადეს, რომ უკრაინა ამ წინადადების შესასრულებლად მზადაა და ისინი მოითხოვენ, რუსეთმა ცეცხლი სრულად და უპირობოდ 12 მაისიდან შეწყვიტოს.

„ვისმენთ უამრავ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებას ევროპიდან. ეს ძირითადად კონფრონტაციული ხასიათისაა, ნაცვლად იმისა, რომ მიმართული იყოს ურთიერთობების გამოცოცხლებისკენ“, – თქვა პესკოვმა.

მანამდე პესკოვმა ABC ნიუსს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის დასავლეთიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს.

„თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა ვქნათ იარაღის იმ მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის აშშ-დან და ევროპიდან?

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უპირატესობას მოიტანს.

უკრაინა გააგრძელებს სრულ მობილიზაციას და ფრონტის ხაზზე ახალ ჯარებს გადაიყვანს. რატომ უნდა მივცეთ მსგავსი უპირატესობა უკრაინას?

პრეზიდენტი პუტინი ყველაფერს აკეთებს პრობლემის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოსაგვარებლად, მაგრამ მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვართ სამხედრო ოპერაცია გავაგრძელოთ. ისინი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის მზად არ არიან“, – განაცხადა პესკოვმა.