პესკოვის თქმით, თუ უკრაინაში დასავლურ ჯარებს გაგზავნიან, NATO-სთან კონფლიქტი გარდაუვალია

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში დასავლური ჯარები გაიგზავნება, NATO-რუსეთის კონფლიქტი გარდაუვალი იქნება.

„მსგავს შემთხვევაში, ჩვენ ალბათობაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ გარდაუვალობაზე – ასე ვაფასებთ ჩვენ ამას”, – განაცხადა მან.

პესკოვმა დაამატა ისიც, რომ NATO-ს ქვეყნებმა ასევე უნდა შეაფასონ მსგავსი ქმედებების შედეგები:

„ამ ქვეყნებმაც ასევე უნდა შეაფასონ და ჰკითხონ საკუთარ თავებს, ასახავს თუ არა ეს მათ ინტერესებს, ასევე, მათი ქვეყნების მოქალაქეების ინტერესებს”.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხონ. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს ნაბიჯზე კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არსებობს.

მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე დასავლეთის ჯარებთან დაკავშირებით საკითხი ძალიან „თავისუფლად და პირდაპირ” განიხილეს – ის აღნიშნავს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ის გამოსადეგია”.

Politico-ს ცნობით, პირველად საკითხზე საჯაროდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ NATO-სა და EU-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს. მის განცხადებას ჩეხეთის პრემიერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ჩეხეთი ნამდვილად არ გეგმავს სამხედროების გაგზავნას უკრაინაში და ამაზე „არავინ არ უნდა ინერვიულოს”.

სლოვაკეთის პრემიერის განცხადების საპასუხოდ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.