კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების მზადყოფნა დაადასტურა.
პესკოვის განცხადებით, პუტინმა სტივ უიტკოფს უთხრა, რომ მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე წარმართოს.
„გუშინ სტივ უიტკოფთან შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის მხარე მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესის აღსადგენად ყოველგვარი წინაპირობების გარეშე”, – თქვა მან.
პუტინსა და უიტკოფს შორის მოლაპარაკებების შესახებ შეხვედრა პარასკევს კრემლში შედგა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი.
უშაკოვის განცხადებით, შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა და „კონსტრუქციულ და სასარგებლო” იყო.