პენტაგონის პრესსპიკერი, პეტ რაიდერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პროპაგანდას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს.
„სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია“, – ამბობს პეტ რაიდერი.
აშშ-მა საქართველოსთან „ღირსეული პარტნიორის“ სამხედრო სწავლება „განუსაზღვრელი ვადით“ გადადო.
ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 5 ივლისს გაავრცელა.
განცხადების თანახმად:
„ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”.