პეტიცია | გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა

პუბლიკა

უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება, – სოციალურ ქსელში „მთიულეთის სათემო ორგანიზაციის” მიერ პეტიცია – „გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” ვრცელდება.

„რუსეთისკენ მიმავალი მასშტაბური მაგისტრალის მშენებლობა საქართველოს მთავრობამ, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, სწორედ ხადის ხეობის გავლით გადაწყვიტა.

ერთი წელია სხვადასხვა მეთოდით ვიბრძვით, რომ ხადის ხეობას ავაცილოთ ეს პროექტი, თუმცა სხვადასხვა სახის დარღვევებისა და მრავალმხრივი წინააღმდეგობის მიუხედავად, წინასამშენებლო სამუშაოები მაინც დაიწყო.

ვფიქრობთ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ამ პროექტის ხადის ხეობაში განხორციელებით დავკარგავთ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მემკვიდრეობას. ამიტომ, გთხოვთ, გავერთიანდეთ ხადის დასაცავად და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მის სწორად განვითარებას”, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

პეტიციის მოთხოვნებია:

– დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო (მათ შორის მოსამზადებელი) სამუშაოები.

– საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ხადის ხეობაზე გამავალი მონაკვეთის ალტერნატივა, რომელიც თავიდან აგვაცილებს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების (ბიომრავალფეროვნების) განადგურებას და მოსახლეობისგან მის დაცლას.

– ალტერნატიული ხეობის შერჩევის შემდეგ, სამშენებლო (მათ შორის მოსამზადებელი) სამუშაოების დაწყებამდე, ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები, რათა თავიდან ავიცილოთ პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ მოსახლეობაზე, კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებსა და ბიომრავალფეროვნებაზე.

– გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები, რომ ხადის ხეობა გამოცხადდეს დაცულ ლანდშაფტად, რათა დავიცვათ ხეობაში ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული გარემო, შევინარჩუნოთ ადგილობრივი ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა და მასთან ერთად განვავითაროთ ხადაში მდგრადი ეკოტურიზმი.

– საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხადის ხეობის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად წარდგენა.