პეტიცია | „გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში მშენებლობაზე“

პუბლიკა

ვაშლიჯვრის მოსახლეობის სახელით ვრცელდება პეტიცია, რომლითაც ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმს და მეწყერის შემსწავლელი ჯგუფის შექმნას მოითხოვენ.

„ვაშლიჯვრის მოსახლეობა მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, თბილისის მერიამ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუყოვნებლივ გამოაცხადონ მორატორიუმი ვაშლიჯვრის უბანში ნებისმიერი ტიპის კორპუსების მშენებლობაზე: არ გაიცეს არც ერთი ახალი სამშენებლო ნებართვა და შეჩერდეს განხილვაში მყოფი ყველა პროცესი, რომელიც ვაშლიჯვარში მშენებლობებს ეხება.

ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაუწიონ კოორდინაცია დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელშიც ჩართულნი იქნებიან ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და სხვა საჭირო სფეროს ექსპერტები (და არა სამთავრობო სფეროში დასაქმებული გეოლოგები, რომლებსაც, როგორც დავინახეთ, ადამიანების სიცოცხლისთვის საშიშ დასკვნებზე აქვთ ხელი მოწერილი) და ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

მათი მოთხოვნებია:

1. გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.

2. დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი რომელიც გამოიკვლევს ლისის ქედს სრულად და მის რისკებს და რომელთა ვინაობაც გასაჯაროვდება. სამუშაო ჯგუფში ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და გაიმართოს საჯარო განხილვები.

3. მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწოდოს ამის შესახებ ინფორმაცია.

4. შეწყდეს მაჭავარიანის ქუჩიდან მიმავალი ესტაკადის მშენებლობა და არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა იქამდე, ვიდრე არ ვნახავთ ექსპერტიზის პასუხებს და დასკვნებს, რომლებიც მათ უსაფრთხოებას დაადასტურებს.

5. შესწავლილი იყოს და გასაჯაროვდეს მთლიანად ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.


18 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ვაშლიჯვარში, იქ, სადაც გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მეწყრული პროცესი დაიწყო. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ მასის ჩამოშლა გარდაუვალია და ვითარების ზუსტი შეფასებისთვის საჭიროა დამატებითი კვლევა.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლებში წარმოებული მოქმედებების შედეგად სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესების ნაწილობრივი გააქტიურება სულ რამდენიმე დღეა, დაიწყო და თბილისის მერია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა პრობლემა მალე გადაიჭრას. მისივე თქმით, პასუხისმგებლობის საკითხის დასმამდე ცნობილი უნდა გახდეს, კონკრეტულად რამ გამოიწვია მეწყრული პროცესების გააქტიურება, რის დადგენასაც დეტალური კვლევები სჭირდება და მანამდე მერიის მთავარი ამოცანაა მაჭავარიანის ქუჩის უსაფრთხო გახსნა, რომელიც 16 მარტს მერიამ სწორედ მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო გადაკეტა.