შეიქმნა პეტიცია, სადაც ხელმომწერები საქართველოში მოქმედ ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს პროტესტის მონაწილეთა მიმართ სასესხო შეღავათების მოთხოვნის შესახებ მიმართავენ.
პეტიციის ტექსტს გთავაზობთ სრულად:
„საქართველოში მოქმედი არალეგიტიმური რეჟიმი სასტიკად უსწორდება საკუთარ მოქალაქეებს. განსხვავებული აზრის ჩასახშობად და ავტორიტარიზმის გასამყარებლად ძალადობს და ახალისებს ჩაგვრას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე. მიუხედავად ამისა, ხალხი ურყევია დემოკრატიის, ღირსებისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მოქალაქეები ყველაფრის ფასად ეწინააღმდეგებიან უსამართლობას და იცავენ ქართველი ხალხის დემოკრატიულ მომავალს.
ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებს დააწესონ დროებითი ფინანსური შეღავათები საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისათვის, ვინც ქვეყანაში მიმდინარე პროდემოკრატიულ პროტესტში მონაწილეობს.
საქართველოს არა ერთი მოქალაქე მზადაა წინ აღუდგეს ავტორიტარული მმართველობის დამყარებას, თუმცა, ეკონომიკური შურისძიების შიში, როგორიცაა სამუშაო ადგილის დაკარგვა და შედეგად, ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა ბევრისთვის შემაკავებელი ფაქტორია. პანდემიის დროს ქართულმა ბანკებმა დასაფასებელი ნაბიჯი გადადგეს და შემოიღეს პოლიტიკა, რომელიც მსესხებლებს იპოთეკური და სხვა სახის სესხის გადახდის გადავადების საშუალებას აძლევდა ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. ასეთი პოლიტიკა ბევრისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იყო უპრეცედენტო გლობალური კრიზისის დროს.
დღეს, ჩვენი სამშობლო ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას, კითხვის ქვეშ აყენებს ქვეყნის თვითგადარჩენისა და წინსვლის შესაძლებლობას.
გამოვდივართ წინადადებით საშეღავათო ღონისძიება დაწესდეს მათთვის, ვინც მზარდ ავტორიტარიზმს უპირისპირდება, გმობს მოქალაქეების წინააღმდეგ წარმოებულ სასტიკ ტერორს და ხმამაღლა გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს კონსტიტუციურად დადგენილი ევროპული გზის მიმართ. კერძოდ:
საშეღავათო ღონისძიება გავრცელდეს საჯარო სექტორში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, რომელიც ღიად მონაწილეობს პროდემოკრატიულ საპროტესტო აქციებში.
ხსენებული პირებისთვის დაწესდეს პირველადი ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი იპოთეკურ და სხვა სახის სესხზე.
თუ რომელიმე თანამშრომელი გათავისუფლდება საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, მათთვის დაწესდეს დამატებითი ექვსთვიანი საშეღავათო პერიოდი.
ასეთი ნაბიჯი, არა მხოლოდ არსებითი დახმარება იქნება პირადი მსხვერპლის ფასად დემოკრატიული პრინციპების დასაცავად მებრძოლი მოქალაქეებისათვის, არამედ შესაბამისობაში მოვა საფინანსო ინსტიტუტების წარსული ქმედების სულისკვეთებასთან, როდესაც ისინი მხარს უჭერდნენ კლიენტებს რთულ პერიოდში.ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით შესაძლებელია ფინანსური რისკების შერბილება დემოკრატიის დამცველთათვის, ეს ხმები გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვისათვის”.