პეტიცია: პედაგოგის სტატუსის დანამატი შენარჩუნდეს უცვლელად და 500-ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე

პუბლიკა

„არა მასწავლებელთა დისკრიმინაციას!“ – ვრცელდება პედაგოგთა პეტიცია.

პეტიციაზე ხელმომწერი პედაგოგები მოითხოვენ, თითოეული პედაგოგის სტატუსი და შესაბამისი დანამატი შენარჩუნდეს უცვლელად და 500 ლარიანი მატება აისახოს საბაზო ანაზღაურებაზე.

„2023 წლის 18 დეკემბერს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 500 ლარით და მეტით გაეზრდებოდათ მასწავლებლებს ხელფასი 2024 წლიდან. ამისთვის 160 მილიონი ლარი გამოიყო ბიუჯეტში და თითოეული პედაგოგის ხელფასი გახდებოდა 1700-1800 ლარი და ზევით. სახელფასო ფორმულის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას იანვრიდანვე დაგვპირდნენ, თუმცა ამ დრომდე ზოგადი განცხადებების მეტი არ გაკეთებულა და ახლა უშუალოდ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საუბრებში აღნიშნავდა, რომ წამყვან-მენტორთა სტატუსის დანამატს არ შეეხებოდნენ, თუმცა, მიუხედავად განცხადებებისა, უფროსის სტატუსი და დანამატი გაქრა, წამყვანის დანამატი გახდა 150 ლარი, ხოლო მენტორის – 300“,- ნათქვამია განცხადებაში.

20 ივნისს გამოქვეყნდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება, რომeლიც მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობების ადგენს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

სამინისტროს მიერ პედაგოგთა ხელფასების დაანგარიშების ახალ ფორმულას კრიტიკულად აფასებენ პედაგოგები.

როგორც პედაგოგები ამბობენ, დანაპირები, რომლის მიხედვითაც მათი ხელფასი საშუალოდ 500 ლარით უნდა გაზრდილიყო, შემოთავაზებული დაანგარიშების მიხედვით არ სრულდება. პედაგოგები ამბობენ რომ ახალი სახელფასო პოლიტიკით „იმედგაცრუებული არიან“ და „თავს მოტყუებულად მიიჩნევენ“.