ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა მხარდამჭერებთან ერთად საპატრიარქოსთან იმყოფებოდა და პატრიარქთან შეხვედრას მოითხოვდა. ამბობს, რომ შეკითხვები აქვს, მათ შორის, ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზეც.
მასთან ერთად იყვნენ ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩამოსული ღვთისმსახურები – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე და მღვდელმონაზონი ანდრია სარია, რომლის განცხადებებსაც მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე ხვალ, 2 აპრილს განიხილავენ.
„ჩვენ ვიცით, რაც ხდება საქართველოს ეკლესიაში, ვიცით, რაც ხდება ჭყონდიდიდს ეპარქიაში, რომ იქ ამაოხრებელი მიავლინეს, კანონის სრული დარღვევით. ადამიანი თავზეა გასული…ამ დროს მღვდელმონაზონ ანდრიას იბარებენ, თურმე, არაკორექტული გამონათქვამების გამო. მრევლმა და ერმა უნდა გაიგოს, რომ საბაბი, თავი ამ უბედურებისა, რაც ქართველ ერში არის, გამოჩნდა 2017 წელს „ციანიდის საქმით“; ერმა უნდა გაიგოს, რომ პატრიარქის პირადი პატიმარია დეკანოზი მამალაძე, რომლის შვილებიც აქ არიან; ერმა უნდა გაიგოს, რომ ჭყონდიდის ეპარქიასა თუ ეკლესიაში არსებული პრობლემების უკან დგას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მისი ე.წ. საპატრიარქოს თანამშრომლები; ერმა უნდა გაიგოს, რომ პატრიარქმა მიიღო მონაწილეობა ეროვნული ხელისუფლების დამხობაში; უნდა გაიგოს, რომ პატრიარქმა ვერ მოიგერია 9 აპრილის უბედურება იმიტომ, რომ გაიპარა. დღეს მას არ მივცემთ გაპარვის საშუალებას “, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
„პუბლიკა“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა. საპატრიარქოს პოზიციას პასუხის მიღებისთანავე გაგაცნობთ.