Pfizer-ის განცხადებით, კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ვაქცინა 12-დან 15 წლამდე მოზარდებისთვისაც უსაფრთხოა. ეფექტიანობის თვალსაზრისით კი, ამ ასაკობრივ ჯგუფში უფროსებზე უფრო მაღალი, 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, დაავადების პრევენციის კუთხით.
კომპანია გეგმავს, მომდევნო კვირებში დაჩქარებული ავტორიზაცია გაიაროს ამერიკის მარეგულირებელთან:
„იმის იმედით, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის აცრას ახალ სასკოლო სეზონამდე დავიწყებთ“, – განაცხადა Pfizer-ის წარმომადგენელმა ალბერტ ბურლამ.
აღნიშნული კვლევის შედეგები ჯერ რეცენზირებული არ არის.
კვლევაში 2 ათასზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა. მათ ნახევარს ნამდვილი ვაქცინა გაუკეთეს, ნახევარს კი – პლაცებო. კომპანიის განცხადებით, ვირუსით ის 18 მოზარდი დაინფიცირდა, რომლებიც პლაცებოთი აცრეს.
კომპანიის თქმით, მოზარდებშიც გვერდითი ეფექტი ძირითადად იგივეა – ნანემსარის ტკივილი, მოთენთილობა და თავის ტკივილი.
ამერიკის მარეგულირებელმა 2020 წლის 12 დეკემბერს ქვეყანაში Pfizer-ის დისტრიბუციის ნებართვა გასცა, 16 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების ასაცრელად.