Pfizer-ის ვაქცინაზე ყველა ჯავშანი შეივსო

პუბლიკა

ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინაზე გამოცხადებული ყველა ჯავშანი უკვე შევსებულია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე Pfizer-ზე ადგილების დაჯავშნა დღეს 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი – booking.moh.gov.ge თავდაპირველად არ ჩაირთო. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პორტალი მაღალი მიმართვიანობის გამო გაითიშა.

მოგვიანებით, ვებგვერდი შეფერხებებით ამუშავდა, თუმცა დღის ბოლომდე ყველა ჯავშანი შეივსო. საქართველოში ამ დროისთვის Pfizer-ის 28 000 დოზაა შემოსული.

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ვაქცინა აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. Pfizer-ით იმუნიზაციას მოქალაქეები პირველ ეტაპზე შვიდ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ.

Pfizer-ის ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა.