Pfizer-თან საბოლოო კომუნიკაციისას შევჯერდით 1 მლნ დოზაზე - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპანია Pfizer-თან საბოლოო კომუნიკაციის 1 მლნ დოზა ვაქცინაზე შეჯერდნენ და, რომ საქართველო Pfizer-ისგან კონკრეტულ დეტალებსა და დასტურს ელოდება:

„რაც შეეხება Pfizer-სა და სხვა მწარმოებლებს, ჩვენ გვაქვს მათთან აქტიური კომუნიკაცია. Pfizer-თან მიმართებაში საბოლოო კომუნიკაციისას შეჯერება მოხდა 1 მლნ დოზაზე, თუმცა ამ ეტაპისთვის ველოდებით დასტურს მათგან, თუ როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

Pfizer-ის ვაქცინაციაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, 15 აპრილიდან განახლდება რეგისტრაცია Pfizer-ის დოზების მისაღებად და კომუნიკაცია მიმდინარეობს ამცრელ კლინიკებთან, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილები 15 აპრილამდეც დაემატოს.

„Pfizer-ის დოზების რიგში მყოფი პირებისთვის 10 ათასზე მეტი დოზა არის ამ ეტაპზე დაჯავშნილი. სულ გვქონდა 14 ათასი დოზა (ოდნავ მეტიც). ამ ეტაპის მდგომარეობით, დანარჩენი დოზები 15 აპრილიდან გაიხსნება რეგისტრაციისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენ ვმუშაობთ ამცრელ კლინიკებთან. მოგეხსენებათ pfizer-ის ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ 6 კლინიკაში, რადგან მეტი კონტროლი და ტემპერატურული მონიტორინგის რეჟიმი იქ უფრო მკაცრადაა დაცული. ჩვენ მიმდინარე პერიოდში შევეცდებით, კლინიკებთან დავაზუსტოთ – თუ ექნებათ შესაძლებლობა დამატებითი ადგილების გახსნის, რათა 15 აპრილამდეც შესაძლებელი იყოს კიდევ გარკვეული რაოდენობა. ეს ვერ იქნება ბევრი, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ადგილების მობილიზება იმავე კლინიკებში, რომლებიც მონაწილეობენ pfizer-ის პროცესში“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრო კვირის ბოლომდე დაასრულებს ამ მიმართულებით მუშაობას.