ფოტოისტორიები საახალწლო თბილისიდან

ფოტოისტორიები საახალწლო თბილისიდან

პუბლიკა

წინა წლისგან განსხვავებით, წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მერმა და პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

„ჩვენი პრობლემაა გაუცხოება – უფრო მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ძალიან მიყვარხართ ყველანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინასაახალწლოდ ქუჩაში სავაჭროდ გამოსულ ადამიანებს საზეიმო ღონისძიებების პარალელურად გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ. მათი გადაწყვეტილება, გამოვიდნენ გარეთ და მძიმე შრომით იზრუნონ შემოსავალზე, არჩევანი სულაც არაა. ყოველი მათგანი აღნიშნავს, რომ „ასე მოუწიათ“.

ყველა რესპოდენტმა ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.

საახალწლო ნაძვის ხესთან პირველი ვისაც შევხვდი, 76 წლის ქალბატონი იყო. ის მანათობელ ბუშტებს ყიდის. როგორც საუბრისას ამბობდა, ჯანმრთელობა ხელს რომ უწყობდეს, სხვა დროსაც გამოვიდოდა სავაჭროდ რუსთაველის გადანათებულ გამზირზე. 

„დღეს გამოვედი სავაჭროდ. სხვა გზა არ მაქვს, შვილო. ცუდად ვარ და ვერ გამოვედი, თორე სხვა დროსაც გამოვიდოდი. დიაბეტიანი ვარ, წნევიანი ვარ – ვერ გამოვედი და დღეს გამოვედი იმიტომ, რომ წამალი არ მაქვს. ორი შვილი გავზარდე და ორივე დაღუპული მყავს… დადიან ქალები, ხელი გაუშვერიათ. მაგას მე ვერ გავაკეთებ, გამორიცხულია.  1995 წლიდან ამ სათამაშოების გაყიდვაზე ვმუშაობ.  ხომ გინდა ადამიანს არსებობა?! ესეც ამ ახალ წლებზეა, მთელი ზაფხული გარეთ ვერ გამოვდივარ – ჯერ ერთი, რომ პანდემიაა, 76 წლის ვარ. აცრილი კი ვარ, მაგრამ რო შემხვდეს, რა ვქნა? პატრონიც არ მყავს, რომ ვინმემ წყალი მომაწოდოს და რა ვქნა?“, – ჰყვებოდა ის.


პარლამენტის წინ არაერთ ადამიანს შეხვდებით თოვლის ბაბუისა და სანტა კლაუსის ფორმაში. ერთ-ერთი, ვისთანაც დიდ რიგს შეამჩნევდით, უკვე მე-7 წელია ამ ფორმით მუშაობს. ის 32 წლისაა. 

„რა თქმა უნდა, ფინანსური მდგომარეობა იყო მიზეზი, რისთვისაც გადავწყვიტე მუშაობა – პლუს გართობაც. ერთობი და ხალხთან გსიამოვნებს ურთიერთობა, ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილი არიან. ხალხს ვთავაზობ ფოტოს გადაღებას, გართობას, ვისაც დასჭირდება გამოძახებას სახლებში; სხვადასხვა რეგიონშიც ვყოფილვარ ბაღებში, სკოლებში. ახლა უფრო ინდივიდუალურად ვმუშაობ. ადრე მეგობრებთან ერთად ვმუშაობდი, სანამ აქეთ იყვნენ. ახლა ყველა წასულია, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ევროპაში და ცოტანი დავრჩით.

მაშინ იყვნენ თეატრის ბიჭები, გოგოები, თავისი ცეცხლის შოუებით და ახლა მარტო ვარ დარჩენილი. ამ საქმიდან მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ საკმარისია. 2015 წლიდან ვმუშაობ და ვმუშაობ სისტემატიურად და განუწყვეტლივ. ყოფილა შემთხვევა, როცა მოსულან ჩემთან და უთქვამთ – აი იცით, ჩვენ თქვენი ფოტო გვაქვს სახლში“, – გვიყვება ის.


თბილისის მთავარ გამზირზე რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭს ასეთი მომსახურება აქვთ – სტუმრებს მორთულ ქუჩებზე ცხენით გასეირნებას სთავაზობენ. 24 წლის ცხენის გამსეირნებელი ჰყვება, რომ ის და მისი მეგობრები მცხეთიდან ჩამოვიდნენ:

„წლებია ჩვენ აქ ვმუშაობთ – ახალ წელს, თბილისობას… ჩამოვდივართ მცხეთიდან და ვშრომობთ, რომ სახლში პურის ფული შევიტანოთ. უკვე სამი წელია, რაც ასე ვართ. იდეა ჩვენი მეგობრისგან წამოვიდა, რომელსაც ცხენები ჰყავს. შემოგვთავაზა ჩამოვსულიყავით და ორი კაპიკი გაგვეკეთებინა. გვექმნება პრობლემები, მაგრამ ვუძლებთ. მუშაობით კმაყოფილი ვართ. გვრჩება რაღაც და ჩვენი ცხენებიც მშივრები არ არიან – ამ თანხით ვკვებავთ და ჩვენც გვრჩება. წელს ოთხი ადამიანი ვმუშაობთ, შარშან უფრო მეტი ვიყავით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო შეწყვიტეს მუშაობა. ეტლიც გვყავდა და ვშრომობდით, მაგრამ მერიის გადაწყვეტილებით ეტლი ამოვიღეთ“, – ჰყვება ბიჭი.


რუსთაველის მეტროდან თავისუფლებამდე ფეხით რომ ჩაიაროთ, „ბამბის ნაყინის“ არაერთ გამყიდველს შენიშნავთ. „ბამბის ნაყინის“ ერთ-ერთმა გამყიდველმა, რომელიც 10 წელია ამ საქმიანობას ეწევა, მითხრა, რომ სავაჭროდ, ძირითადად, დღესასწაულებსა და სხვადასხვა დღეობაზე გამოდის და ძირითადი შემოსავალიც აქედან აქვს. 

„ხან ახალ წლებზეც ვართ, ხან ეკლესიებთან.. აი დღეობებზე ვართ, ხან რიყეზე.. რა ვიცი, დავდივართ ასე. ხალხს უჭირს დღეს, აი ამ დღეში ვართ გაჭირვების გამო. ბევრი კლიენტი არ მყავს – ათასში ერთი. ოთხი შვილი მყავს, ხომ უნდა ვარჩინო. ჩვენი შემოსავალი ეს არის. ეს სეზონური სამუშაოა. რომ დაზამთრდება, მერე ვეღარ ვიმუშავებ. ამ პერიოდში მერია არ გვიშლის. ხან გვიშლის – ხან არა. არაფრით ვართ დაზღვეული“, – ამბობს ქალი.


კიდევ ერთი რესპონდენტი, რომელიც ამავე გამზირზე ჩავწერე მაშხალების 30 წლის გამყიდველია. საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ წელს მხოლოდ იმიტომ ელოდება, რომ 31 დეკემბერს 31 წლის ხდება. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ ასე მუშაობა სხვა ალტერნატიულ, „ცუდ გზებს“ ურჩევნია.

„მე ეს გზა ავირჩიე. მე-6 წელია, რაც აქ ვარ. მარტო მაშხალებს არ ვყიდი, „ბომბებსაც“ ვყიდი, თუმცა იშვიათად იყიდება. ამ სამუშაოს გარდა, სოციალური დახმარება მაქვს 60 ლარი. პურის ფულს ამით ვშოულობ. მარტო ვცხოვრობ. ახალი წლის პერიოდი თუ არ არის, სხვა სათამაშოებს ვყიდი. მერია რომ ხელს არ გვიშლიდეს, მაგარი იქნებოდა. ნებართვას საერთოდ არ გვაძლევს – გარე ვაჭრობა აკრძალული გვაქვს.

ახალი წელი რომაა, მაგიტომ გეუბნებიან დადექი და პურის ფული იშოვნეო, თორე ისე, შანსი არ არის. ახალი წელი როგორც ჩაივლის, ეგრევე ხელს შეგვიშლიან. გეტყვიან – კარგად იყავიო. სხვებს ვიცნობდი, რომ მუშაობდნენ და ახლა აღარ არიან, იმიტომ, რომ ამათმა გააბომჟეს ხალხი. ის ხალხი, რომლებსაც ახლა ხედავ, რომ ნაგვიდან იღებს პურს და ჭამს, მერიებმა და მსგავსებმა გააბომჟეს“, – ამბობს ბიჭი.


62 წლის ქალს გასაყიდად ჩიჩილაკები აქვს გამოტანილი. როგორც ის ამბობს, ორი დღეა, რაც მუშაობა დაიწყო და მისი ოჯახის წევრის მიერ გამოთლილ ჩიჩილაკებს ყიდის. 

„62 წლის ვარ. მარტვილიდან ჩამოვედი. უკვე ორი დღეა, რაც ვმუშაობ. ჩემი ოჯახის წევრი ამზადებს ჩიჩილაკებს. ვაჭრობის მიზეზი გაჭირვებაა – არ არის არაფრის საშუალება. არ ვიცი, რას გვეყოფა, მაგრამ ცოტა ხნით გვეყოფა ეს თანხა. თან კლიენტები ჯერჯერობით არ არიან“, – ამბობს ქალი.