24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც. ბოლო მონაცემებით, მოკლულია 57 და დაჭრილია 169 უკრაინელი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია, რომელიც თბილისში შაბათს, 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, ორგანიზატორების, პარტია „დროასა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ გადაწყვეტილებით დღეს, 7 საათზე დაიგეგმა.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი მოგვიანებით მსვლელობით დაიძრნენ თავისუფლების მოედნისკენ. მსვლელობისას სრულად გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. უკრაინის სოლიდარობა აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტთანაც დააფიქსირეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე დროშები და უკრაინის მხარდამჭერი ბანერები ჰქონდათ მოტანილი. რამდენჯერმე შესრულდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებიც.