ლელობურთი 2024 | ფოტორეპორტაჟი შუხუთიდან

ლელობურთი 2024 | ფოტორეპორტაჟი შუხუთიდან

მინდია გაბაძე

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ტრადიციული ლელობურთი კვირას, 5 მაისს აღდგომა დღეს გაიმართა.

თამაშის დროს სოფელი, როგორც წესი, ორ მხარედ – ზემოურებად და ქვემოურებად – გაიყო. სახალხო თამაშს შემოუერთდნენ სტუმრები სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნიდან.

ლელობურთის თამაშისას, არც დრო და არც მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის. წლევანდელი თამაში საათ-ნახევარს გაგრძელდა და ზემოურების გამარჯვებით დამთავრდა.

ლელოს ბურთი ტყავისგან იკერება, ნახერხითა და მიწით ივსება და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ალადასტურით იჟღინთება. ის, როგორც წესი, 16 კილოგრამს იწონის. ბურთს თამაშის წინ სოფლის ეკლესიაში აკურთხებენ. შემდეგ ის ეკლესიის წინამძღვარს სოფლის შუაგულში გამოაქვს, ჰაერში აგდებს, ხოლო თანმხლები პირი თოფს ისვრის, რაც ლელობურთის დაწყების მაუწყებელია. 5 მაისს, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, სოფელ შუხუთშიც კოკისპირულად წვიმდა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ლელობურთის დროს იშვიათად ახსოვთ ავდარი. ამ შემთხვევაშიც არაერთი აღნიშნავდა, რომ მზესა და ცხელ ამინდში თამაშს, წვიმაში გრილად თამაში ჯობდა.

ლელობურთს მხოლოდ ერთი წესი აქვს – თამაშისას თუ ვინმე წაიქცევა ან შეუძლოდ გახდება, მოთამაშეები ხელებს ზევით წევენ და მიწოლას წამით აჩერებენ. სხვა მხრივ დაშვებულია ყველა ილეთი და მიწოლის ნებისმიერი ფორმა. ამის გამო ხშირია ტრავმებიც. თამაშში ასობით ადამიანი იყო ჩართული, რის გამოც ბურთის დანახვა თამაშის მსვლელობისას შეუძლებელი იყო. სათამაშო არეალი ცენტრიდან ორივე მხარეს 400-400 მეტრით განისაზღვრება, სადაც ღელეები ჩამოედინება. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც ბურთს ღელის იქეთ გადაიტანს. წელს ლელოს ბურთი ღელეს მიღმა გიგა გოროზიამ (ჭოლამ) გადაიტანა და ზემოურებს გამარჯვება მოუტანა.

ტრადიციისამებრ, გამარჯვებულს ბურთი სასაფლაოზე მიაქვს. ჭოლამ ბურთი მამის, მამუკა გოროზიას საფლავზე მიიტანა.
შუხუთის სასაფლაოზე ლელოს არაერთ ბურთს ნახავთ. აქ კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რამდენ ასწლეულს გაუძლო ამ ტრადიციამ.