„ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი 7 ივნისიდან საპროტესტო აქციებს მართავს. 13 ივნისს 10-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. მოგვიანებით პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა, კომპანიასთან უშედეგო მოლაპარაკების გაგრძელებასთან ერთად კი ერთმა მაღაროელმა – თვალები.
19 ივნისს მაღაროელთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლა და პარლამენტის წინ გააგრძელა საპროტესტო აქცია. მაღაროელებისადმი სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ სხვა მოქალაქეებიც. თბილისში 20 ივნისს მათ „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისთან მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი პარლამენტთან დაბრუნდნენ და 18:00 საათზე საპროტესტო აქცია განაახლეს.
21 ივნისს თბილისში შიმშილობა კიდევ 4-მა მაღაროელმა დაიწყო, ხოლო შემდეგ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მაღაროელებმა თქვეს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ 22 ივნისიდან ჭიათურაში მოშიმშილე მაღაროელ შვილებს დედებიც შეუერთებიან.
„ჯორჯიან მანგანეზი” კი მაღაროელებს ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ. კომპანიის დირექტორის განცხადებით, „მანგანეზის” ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და მისი თქმით, ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა ალოგიკურია.