28 წლის მოკლული მასწავლებლის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა | ფოტორეპორტაჟი

28 წლის მოკლული მასწავლებლის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა | ფოტორეპორტაჟი

მინდია გაბაძე

28 წლის მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმა, ადვოკატებმა და მოქალაქეებმა 22 დეკემბერს პროკურატურასთან აქცია გამართეს. ადგილზე იმყოფებოდნენ გიგა ავალიანის მოსწავლეები და სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებიც.

ავალიანის ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიება, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიდის, გადაკვალიფიცირდეს და გაგრძელდეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.

როგორც ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, ოჯახის კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაისაჯოს მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი.

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული. ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.

დედამ და ადვოკატებმა აქციაზე განაცხადეს, რომ პროკურატურას 8 იანვრამდე აძლევენ დროს, რომ ოჯახს სრულად მიეცეს საქმის მასალებზე წვდომა და „გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები“. სხვა შემთხვევაში, ისინი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

დღევანდელ აქციაზე პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბაია ცანავაც გამოვიდნენ. მათ ოჯახის წევრებს პროკურატურის შენობაში შესვლა შესთავაზეს, თუმცა ოჯახმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

გიგა ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს, 23-დღიანი კომის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.