„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, Validity Foundation-ისა და PHR-ის მიმართვის საფუძველზე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა (CRPD) საქართველოს მთავრობას სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდა ბავშვთა ქორწინების მსხვერპლი ქალისა და მისი შვილის უფლებების დასაცავად.
ორგანიზაციის ცნობით, საუბარია ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ახალგაზრდა ქალის საქმეზე, რომელიც 14 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს ბევრად უფროს მამაკაცზე, რასაც მის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, სრული იზოლაცია, ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და განათლებისა და სოციუმისგან ჩამოშორება მოჰყვა. ხოლო როდესაც ქალმა საუბარი გაბედა, მხარდაჭერის მიღების ნაცვლად, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.
როგორც PHR წერს, ქალმა შვილი გააჩინა და დღეს მას შვილთან ერთად ცხოვრების საშუალება არ აქვს.
„ქალი სპეციალურ დაწესებულებაში ცხოვრობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად.
ერთ დღეს აღნიშნულ დაწესებულებაში შშმ პირთა მოსანახულებლად იურისტები მივიდნენ, რა დროსაც მათთან ქალი მივიდა, საკუთარი ისტორია უამბო და დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც, დაწესებულებამ მას იურისტებთან კონტაქტი შეუზღუდა“, – ნათქვამია PHR-ის ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, შიდა სამართლებრივი გზების ამოწურვის შემდეგ, Validity Foundation-მა PHR-თან ერთად მიმართა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს (CRPD) დროებითი ზომების მოთხოვნის მიზნით, რათა დაცული ყოფილიყო ქალის სიცოცხლე, ღირსება და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება.
2025 წლის 13 ნოემბერს კომიტეტმა (CRPD) საქართველოს მთავრობას მიმართა – დაეცვათ ქალი დამატებითი ძალადობისგან, არ დაებრუნებინათ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და გადაედგათ საჭირო ნაბიჯები ქალისა და მისი შვილის გასაერთიანებლად.
თუმცა, PHR-ის ცნობით, აღნიშნული ზომების მიღების ნაცვლად, სახელმწიფომ ქალი სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანა მისი ადვოკატების ინფორმირების გარეშე.
„ფსიქიატრიულში გადაყვანამდე ქალი არაერთხელ გახდა ფიზიკური ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლი იმ საერთო საცხოვრისში, სადაც ის შშმ პირებთან ერთად ცხოვრობდა“, – აცხადებს ორგანიზაცია.
PHR ორგანიზაციებთან ერთად მთავრობას მოუწოდებს, შეასრულონ ვალდებულებები, პატივი სცენ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებებს და დაიცვან შშმ ქალთა სიცოცხლე და მათი უფლებები.