ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმების უგულებელყოფით.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აქტივისტ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობა ბრალდების მხარემ მოითხოვა. პროკურორების განცხადებით, არსებობს ნინო დათაშვილის მხრიდან როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე მოწმეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის, ასევე მიმალვის საფრთხეები.
PHR ხაზს უსვამს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესზე პროკურატურას ევალება დაასაბუთოს პატიმრობის გამოყენების აბსოლუტური აუცილებლობა.
მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის განცხადებით, პროკურატურა დღევანდელ პროცესზე კონცენტრირებული იყო არა აღნიშნული არგუმენტების წარმოდგენაზე, არამედ ნინო დათაშვილის დადანაშაულებაზე. პროცესის მიმდინარეობისას პროკურორები პირდაპირ უთითებდნენ, რომ ნინო დათაშვილმა ჩაიდინა დანაშაული და ამით არღვევდნენ უდანაშაულობის პრეზუმციას.
„პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი და ფაქტი, ნინო დათაშვილის თავისუფლად ყოფნის შემთხვევაში რა საფრთხე შეექმნებოდა მართლმსაჯულებას. ბრალდების მხარის პოზიცია იყო აბსტრაქტული და არ გამომდინარეობდა კონკრეტული მტკიცებულებებიდან.
მიუხედავად აღნიშნული გარემოებისა, მოსამართლისთვის არ აღმოჩნდა საინტერესო თუ რატომ იყო აუცილებელი ნინოს დაკავება გამოძიების დაწყებიდან 10 დღის შემდეგ ან როგორ შეიძლებოდა ნინო დათაშვილს გაენადგურებინა მტკიცებულებები, რომლებიც უკვე მოპოვებულია. მოსამართლე ეკა ბარბაქაძე არ დაინტერესებულა თუ როგორ შეიძლება შეფასებულიყო მიმალვის საფრთხე, როცა ნინო დათაშვილისთვის 10 დღის განმავლობაში ცნობილი იყო გამოძიების დაწყების შესახებ და მას არ ქონია მიმალვის ან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მცდელობა.
მოსამართლეს არ დაუსვამს არცერთი კრიტიკული კითხვა ბრალდების მხარისთვის, იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა პატიმრობის შესახებ ეფუძნებოდა აბსტრაქტულ ჰიპოთეზებს და არ გამომდინარეობდა არცერთი ფაქტობრივი გარემოებიდან.
მოსამართლე არც კი გაეცნო დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ინფორმაციას ნინო დათაშვილის პროფესიული საქმიანობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის მოთხოვნა ნინო დათაშვილის დაპატიმრების შესახებ დააკმაყოფილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ნორმების უგულებელყოფით”. – აცხადებს ორგანიზაცია.