PHR ხოშტარიაზე: სამართალდამცავების მიზანი ხშირად ფართო სოციალური ეფექტის მიღწევაა - პროტესტის ჩახშობა, ქალების დაშინება

პუბლიკა

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტატირას დაკავებას და მის მიმართ სამართალდამცველების დამამცირებელ მოპყრობას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ პოლიციის მიერ ჩხრეკისა და პირადი დათვალიერებისას ადამიანის სრულად გაშიშვლების იძულება წინააღმდეგობაშია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) რეკომენდაციებთან. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ჩხრეკისას დაკავებული პირის სრული გაშიშვლება შეიძლება ჩაითვალოს ღირსების შემლახველ მოპყრობად, თუ იგი არ ეფუძნება მკაფიო სამართლებრივ საფუძვლებს, არ არის პროპორციული და აუცილებელი.

PHR მიუთითებს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული ქალები პოლიციის მხრიდან ხდებიან დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ობიექტები. მათი განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დამამცირებელი მოპყრობის გაზრდილი შემთხვევები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი დაკავებულები არიან ან მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობენ, წარმოადგენს საგანგაშო ტენდენციას.

„სამართალდამცავ ორგანოებში მსგავსი ქმედებების გახშირება მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები სულ უფრო მეტად ემიჯნებიან დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს – კანონის უზენაესობას, მართლწესრიგის დაცვას და ადამიანის უფლებების პატივისცემას. ქალთა მიმართ ძალადობა არა მხოლოდ ცალკეული სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი დანაშაულია, არამედ ის პოლიტიკურ კონტექსტში განიხილება, როგორც რეპრესიული სისტემის სტრატეგიული ინსტრუმენტი. იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები იყენებენ სექსუალური ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკას, მათი მიზანი ხშირად არ არის მხოლოდ კონკრეტული პირის დასჯა, არამედ გაცილებით ფართო სოციალური ეფექტის მიღწევა – პროტესტის ჩახშობა, ქალების დაშინება და მათთვის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტიურობის სარისკოდ გამოცხადება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ სექსუალური შევიწროება და ღირსების შელახვა ხშირად მიზანმიმართულად ხორციელდება ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რაც აჩვენებს, რომ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია სამართალდამცავი სისტემის პრაქტიკაში მკვიდრდება. ასეთ ვითარებაში პოლიცია კარგავს თავის თავდაპირველ ფუნქციას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციას და მას პოლიტიკური რეჟიმის ინტერესების გამტარ, რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტად აქცევს“, – აცხადებს ორგანიზაცია.